ვიზუალური შენიშვნა
ფონად ისმის მშვიდი მუსიკა. ეკრანის თეთრ ფონზე შავი ასოებით წერია: „Airbnb‑ს 2022 წლის ზამთრის განახლება“.

ბრაიანი კამერის წინ საუბრობს. მისგან მარცხნივ დგას ხილით სავსე თასი. მის უკან, მარჯვენა მხარეს, დახვეული კიბეა მუქი ფერის მოაჯირითა და ხის საფეხურებით. ფონად ჩანს დიდი ფანჯარა, რომლიდანაც უხვად შემოდის სინათლე. საუბრისას ბრაიანი მეგობრულად იღიმის.

ბრაიანი
გამარჯობა, მე ბრაიანი ვარ. დიდი ხანია, თქვენს მოსაზრებებს ვეცნობით. მათი გათვალისწინებით, არაერთი ცვლილება შევიტანეთ. Airbnb‑ს 2022 წლის ზამთრის განახლება მოიცავს 10 სიახლეს მასპინძლებისთვის.

ვიზუალური შენიშვნა
თეთრ ფონზე დიდი შრიფტით წერია რიცხვი 10, ხოლო ქვემოთ, შავი შრიფტით — „განახლება მასპინძლებისთვის“.

ბრაიანი
პირველ რიგში, მასპინძლობისას მეტი დაცვა გჭირდებოდათ, ამიტომ AirCover გავაუმჯობესეთ.

ვიზუალური შენიშვნა
თეთრ ფონზე დიდი შრიფტით წერია რიცხვი 1, ხოლო მის გასწვრივ, შავი შრიფტით — „გაუმჯობესებული AirCover“.

ბრაიანი
AirCover‑ით დაცული იქნება პარკირებული ავტომობილები და გემები, ასევე, ხელოვნების ნამუშევრები და ძვირფასი ნივთები.

ვიზუალური შენიშვნა
ეკრანზე ჩნდება ავტომობილის, გემისა და ნახატის გამოსახულებები. ავტომობილი მოთავსებულია ნაცრისფერ წრეზე, გემი — ცისფერზე, რომელიც წყალს ჰგავს, ნახატი კი ხის იატაკის მსგავს წრეზეა. თითოეული ობიექტის ქვემოთ წერია, თუ რა არის ის: „ავტომობილები“, „გემები“ და „ხელოვნების ნამუშევრები და ძვირფასი ნივთები“.

ბრაიანი
ზარალისგან დაცვას კი 1 მილიონი აშშ დოლარიდან 3 მილიონამდე ვზრდით.

ვიზუალური შენიშვნა
თეთრ ფონზე შავი შრიფტით, მკაფიოდ წერია 1 000 000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ ციფრები იცვლება, სანამ თანხა 3 000 000 აშშ დოლარს არ მიაღწევს.

ბრაიანი
მეორე საკითხი სტუმრობის მსურველების ვინაობის დადასტურებას უკავშირდებოდა.

ვიზუალური შენიშვნა
ბრაიანი კამერის პირისპირ საუბრობს თავდაჯერებული გამომეტყველებით. თავიდან ბრაიანის სახე ახლო ხედიდან ჩანს, შემდე კი მისი ხელები და ტანი ჩნდება.

თეთრ ფონზე დიდი შრიფტით წერია რიცხვი 2, ხოლო მის გასწვრივ, შავი შრიფტით — „სტუმრების ვინაობის დადასტურება“.

ბრაიანი
AirCover‑ის ფარგლებში, დავადასტურებთ ყველა იმ სტუმრის ვინაობას, რომელიც 35 ქვეყანაში ჯავშანს გააფორმებს Airbnb‑ზე. ეს ჯავშნების 90%‑ს ეხება, მომავალ გაზაფხულზე კი 100%‑ს მოიცავს.

ვიზუალური შენიშვნა
კადრი გადადის თეთრ ფონზე, რომელზეც გამოსახულია სმარტფონი. ტელეფონის ეკრანზე გახსნილია Airbnb‑ს აპი. ჩანს გვერდი ინფორმაციით სტუმრის შესახებ. ახლო ხედში ექცევა ეკრანის დეტალი წარწერით „პრიას შესახებ“ და სპეციალური ნიშნით, რომელიც მიუთითებს, რომ სტუმრის ვინაობა დადასტურებულია. ნიშანს აქვს შავი ფარის ფორმა, რომლის შიგნითაც მონიშვნის თეთრი სიმბოლოა.

ბრაიანი
შევიტყვეთ, რომ დახმარება გჭირდებოდათ უნებართვო წვეულებებთან დაკავშირებითაც. სწორედ ამ მიზნით შევქმენით ჯავშნების შემოწმების ტექნოლოგია.

ვიზუალური შენიშვნა
თეთრ ფონზე დიდი შრიფტით წერია რიცხვი 3, ხოლო გასწვრივ, შავი შრიფტით — „ჯავშნების შემოწმების ტექნოლოგია“.

ბრაიანი
ეს ტექნოლოგია ასობით ფაქტორის მიხედვით ბლოკავს ჯავშნებს, რომლებშიც უნებართვო წვეულებების გამართვის რისკები იკვეთება. მას ახლა აშშ‑სა და კანადაში გთავაზობთ, გაზაფხულზე კი მთელ მსოფლიოს მოვიცავთ.

ვიზუალური შენიშვნა
აპის ეკრანზე ჩანს დაჯავშნის მოთხოვნა, რომელსაც თითქოს ფარავს ნარინჯისფერი ბანერი ფარის ხატულათი, რომელიც დაბლოკვაზე მიუთითებს. ბანერზე წერია: „ეს მოთხოვნა დაიბლოკა“, ხოლო ქვემოთ წარმოდგენილია დეტალური განმარტება უფრო პატარა, ნაცრისფერი შრიფტით.

 

ბრაიანი
ესაა განახლებული AirCover. სამოგზაურო კომპანიებიდან არცერთს აქვს AirCover‑ის მსგავსი შეთავაზება.

ვიზუალური შენიშვნა
თეთრ ფონზე დიდი, წითელი შრიფტით წერია „air“, ხოლო შავით — „cover“. უფრო ქვემოთ, პატარა შრიფტით წერია „მასპინძლებისთვის“.

ამის შემდეგ ჩნდება ცხრილი, რომელშიც Airbnb შედარებულია თავის კონკურენტებთან. 10 პუნქტიდან (რომლებიდანაც პირველი 5 გამოყოფილია ღია ნაცრისფრით) Airbnb‑ს 10‑ვეზე დასმული აქვს მონიშვნის მწვანე სიმბოლო, ხოლო კონკურენტებს — 8 წითელი ჯვარი და მონიშვნის მხოლოდ 2 მწვანე ნიშანი. ინფორმაციის გამხელა: შედარება ეფუძნება როგორც საჯარო, ისე Airbnb‑ს მთავარი კონკურენტების მიერ უფასოდ შეთავაზებული ვარიანტების შესახებ ინფორმაციას, 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით.

ბრაიანი
შევიტყვეთ, რომ AirCover‑ის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა რთული იყო. ესეც გავამარტივეთ.

ვიზუალური შენიშვნა
თეთრ ფონზე დიდი შრიფტით წერია რიცხვი 4, ხოლო შავი შრიფტით — „ანაზღაურების გამარტივებული მოთხოვნა“.

ამის შემდეგ კადრში ჩნდება ტელეფონის ეკრანი Airbnb‑ს აპით. აპში გახსნილია ფანჯარა, რომლის თავშიც AirCover‑ის ლოგოა. ლოგოს ქვემოთ წერია: „მასპინძლებისთვის“. სათაური, „მოითხოვეთ ანაზღაურება“, შედარებით დიდი შრიფტითაა მოცემული. მის ქვემოთაა სამი ქვესათაური: „შეაგროვეთ დამადასტურებელი დოკუმენტები“, „მოგვიყევით, რა მოხდა“ და „გადაგზავნეთ მოთხოვნა“. თითოეულ პუნქტს მოჰყვება მცირე ზომის, ნაცრისფერშრიფტიანი ტექსტი, რომელშიც მოკლედაა განმარტებული თითოეული საკითხი.

ბრაიანი
სულ რამდენიმე მარტივი ნაბიჯის გავლა დაგჭირდებათ. აირჩიეთ, რა მოხდა, მაგალითად, „დაკარგული ნივთი“. მიუთითეთ, რა დაიკარგა, რამდენად ძველი ნივთია და რა ღირს. თარიღიც არ დაგავიწყდეთ. ბოლოს შეგიძლიათ კომენტარი დაუტოვოთ სტუმარს. სულ ეს არის.

ვიზუალური შენიშვნა
Airbnb‑ს აპში მოცემულია ფანჯარა სათაურით: „დაამატეთ პირველი ერთეული“. აპში მალევე იხსნება სია. კადრი ახლოვდება და ჩანს შეკითხვა: „რა მოხდა?“. მოცემულია პასუხის 3 ვარიანტი: 

— დაზიანდა ნივთი;
— დაიკარგა ნივთი;
— საჭირო გახდა გაუთვალისწინებელი დასუფთავება ან სიგარეტის სუნის მოცილება.

ანიმაციაში ირჩევენ მეორე ვარიანტს, რის შემდეგაც ეკრანი გადადის ფანჯარაზე სათაურით: „დაამატეთ ერთეული“. ფანჯარაში მოცემულია რამდენიმე გრაფა. ზემოდან ქვემოთ წერია:

— რა მოხდა? დაიკარგა ნივთი.
— რა დაიკარგა? ანიმაციაში იწერება: „აბაზანის პირსახოცები“.
— მიუთითეთ მისი წლოვანება. (ნივთის ასაკი) ივსება ტექსტით „1 წელი“.
— მიუთითეთ მისი ფასი. (ოდენობა) ივსება 45 აშშ დოლარით.

ამის შემდეგ კადრში ჩნდება აპის ფანჯარა შეკითხვით: „როდის მოხდა?“,რომლის პასუხადაც ივსება 2022 წლის 24 ოქტომბერი.

დაბოლოს, აპის ეკრანზე მოცემულია სტუმრისთვის კომენტარის დატოვების ვარიანტი. ფანჯრის ზედა ნაწილში მოცემულია სათაური: „დატოვეთ კომენტარი სტუმრისთვის“. შესაბამის გრაფაში იწერება: „აბაზანის რამდენიმე პირსახოცი დაიკარგა“.
ბოლოს კადრშია ეკრანი, რომელზეც მანამდე მითითებული ყველა მონაცემი ერთადაა თავმოყრილი.

ბრაიანი
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელზეც საუბრობთ ხოლმე, სტუმრების მხრიდან საცხოვრებლის გაფრთხილებაა. სწორედ ამ მიზნით შევიმუშავეთ სტუმრებისთვის ძირითადი წესები.

ვიზუალური შენიშვნა
კადრში კვლავ ბრაიანია ახლო ხედით. ის კატეგორიული ტონით საუბრობს. ამის შემდეგ თეთრ ფონზე დიდი შრიფტით წერია რიცხვი 5, ხოლო მის გასწვრივ, შავი შრიფტით — „ძირითადი წესები სტუმრებისთვის“.

ბრაიანი
მომავალი წლის დასაწყისიდან მათ ყველა სტუმარი გაეცნობა დაჯავშნამდე. ყველა შეიტყობს, რომ უნდა დაიცვან სახლის წესები და საცხოვრებელს გაუფრთხილდნენ. ძირითადი წესების პირველად დარღვევისას სტუმარი გაფრთხილებას მიიღებს, გამეორების შემთხვევაში — მის ანგარიშს მოქმედება შეუჩერდება, საჭიროების შემთხვევაში კი, სტუმარი Airbnb‑დან გაირიცხება. 

ვიზუალური შენიშვნა
Airbnb‑ს აპში, ჯავშნის დადასტურების სექციაში, ანიმაცია გადადის ქვემოთ და წინა პლანზე გამოდის ეკრანის ის ნაწილი, რომელზეც მოცემულია სათაური „ძირითადი წესები“, შემდეგ კი ტექსტი: „ყველა სტუმარს ვთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოს რამდენიმე საკითხს. დაიცავით სახლის წესები. გაუფრთხილდით საცხოვრებელს თქვენი საკუთარივით“.

შემდეგ კამერა ბრაიანს უბრუნდება, რომელიც დამაჯერებლად საუბრობს და ჟესტიკულირებს.

ბრაიანი
კიდევ ერთი საკითხი: Airbnb‑ზე სტუმრების ისტორიის უკეთ გაცნობა გსურდათ. ამიერიდან მათთვის დატოვებული მიმოხილვები უფრო დეტალური იქნება.

ვიზუალური შენიშვნა
თეთრ ფონზე დიდი შრიფტით წერია რიცხვი 6 და ტექსტი: „სტუმრების უფრო დეტალურად მიმოხილვა“.

ბრაიანი
ვარსკვლავებით შეფასების გარდა, სხვა დეტალების მითითებასაც შეძლებთ. მათ ყველა მასპინძელი გაეცნობა დაჯავშნის მოთხოვნის მიღებისას. 

ვიზუალური შენიშვნა
Airbnb‑ს აპის ეკრანზე მოცემულია შეკითხვა: „რამდენად კარგად იცავდა ისა სახლის წესებს?“. პასუხად შესაძლებელია ვარსკვლავებით შეფასება. ჯამში 5 ვარსკვლავია, ანიმაციაში კი ივსება 3, Airbnb‑სთვის დამახასიათებელი წითელი ფერით. ვარსკვლავების ქვემოთ მოცემულია ტექსტი: „ზოგიერთი წესი დაიცვა“, ხოლო ეკრანის ქვედა ნაწილში შესაძლებელია მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მითითება ტექსტიანი ღილაკების არჩევის მეშვეობით. არჩეულია ორი: „საცხოვრებელში დარჩა გასვლის დროის შემდეგ“ და „ჰყავდა შინაური ცხოველი, რომელიც არ დაიშვებოდა“.

ამის შემდეგ ანიმაცია გადადის ეკრანზე, რომელზეც მოცემულია იმავე სტუმრის შესახებ დატოვებული მიმოხილვების შეჯამება და შეფასება სხვადასხვა კატეგორიაში. კერძოდ:

— საშუალო შეფასება (4,9 ვარსკვლავი)

— სისუფთავე (4,8 ვარსკვლავი)

— სახლის წესები (4,87 ვარსკვლავი)

— კომუნიკაცია (5,0 ვარსკვლავი)

ქვემოთ მოცემულია მასპინძლის მიერ ამ სტუმრის სიტყვიერი მიმოხილვა და კონკრეტული დეტალები.

ახლო კადრში ვხედავთ, რომ „გაიტანა ნაგავი“ და „ყოველთვის პასუხობდა“ მონიშნულია თოლიის ხატულათი, ხოლო „საცხოვრებელში დარჩა გასვლის დროის შემდეგ“ და „ჰყავდა შინაური ცხოველი, რომელიც არ დაიშვებოდა“ — გაფრთხილების ხატულათი.

ბრაიანი
მიმოხილვების კონტექსტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი აღნიშნეთ. ეს არის უსამართლო, შურისმაძიებლური მიმოხილვების წაშლა.

ვიზუალური შენიშვნა
კადრში ჩანს ბრაიანი, რომელიც კამერის წინ თავდაჯერებულად საუბრობს.ამის შემდეგ თეთრ ფონზე დიდი შრიფტით წერია რიცხვი 7 და ტექსტი: „დაცვა შურისმაძიებლური მიმოხილვებისგან“.

ბრაიანი
ამიერიდან უფრო მარტივად მოითხოვთ შურისმაძიებლური მიმოხილვის წაშლას, მისი ხანდაზმულობის მიუხედავად. 

ისიც ვიცით, რომ სწრაფი ანაზღაურება გსურთ. ახლა გთავაზობთ „სწრაფ ჩარიცხვას“ (ჯერ მხოლოდ აშშ‑ში).

ვიზუალური შენიშვნა
თეთრ ფონზე დიდი შრიფტით წერია რიცხვი 8 და ტექსტი: „სწრაფი ჩარიცხვა“.

Airbnb‑ს აპში, ანაზღაურების მიღების მეთოდის მითითების სექციაში, ახლო ხედით გამოყოფილია ეკრანის შუა ნაწილი, რომელშიც შესაძლებელია „სწრაფი ჩარიცხვის“ გააქტიურება. თეთრ მართკუთხედში მოქცეულია შეკითხვა: „როგორ გსურთ ანაზღაურების მიღება?“, რომელსაც მოსდევს მცირე განმარტებითი ტექსტი პატარა შრიფტით. სულ ორი ვარიანტია: „სწრაფი ჩარიცხვა“ და „საბანკო ანგარიში“. აქედან არჩეულია პირველი. ინფორმაციის გამხელა: „სწრაფი ჩარიცხვა“ ამჟამად ხელმისაწვდომია აშშ‑ში გაცემული სადებეტო ბარათებისთვის.

ბრაიანი
„სწრაფი ჩარიცხვის“ არჩევის შემთხვევაში, ანაზღაურებას 30 წუთში მიიღებთ თქვენს სადებეტო ბარათზე, მცირე საფასურის სანაცვლოდ. 

მაისში, კატეგორიების ამოქმედების შემდეგ, ბევრი გვეკითხებოდა: „როგორ გავიგო, რომელ კატეგორიაში ვარ?“. მომავალი წლის დასაწყისიდან განცხადების დეტალებშივე მიეთითება, რომელ კატეგორიაშია საცხოვრებელი. 

ვიზუალური შენიშვნა
თეთრ ფონზე დიდი შრიფტით წერია რიცხვი 9 და ტექსტი: „საცხოვრებლის კატეგორიის შემოწმება“.

აპში, განცხადების დეტალების სექციაში, ანიმაცია სწრაფად გადადის ქვემოთ, სექციაზე „კატეგორიები“, რომელიც გამოყოფილია წარწერით „ახალი“. არჩეულია ორი კატეგორია: „პოპულარული“ და „დიზაინერული“.

ბრაიანი
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პლატფორმას ექვსი ახალი კატეგორია ემატება. მათ შორისაა „ახალთახალი“, „პოპულარული“ და „ადაპტირებული“, ანუ ეტლით მოსარგებლეთათვის შესაფერისი. 

ვიზუალური შენიშვნა
თეთრ ფონზე დიდი შრიფტით წერია რიცხვი 10 და ტექსტი „ახალი Airbnb კატეგორიები“.

 აპში დემონსტრირებულია სამი ახალი კატეგორია.

— „ახალთახალში“ წარმოდგენილია ბიგ‑ბერის ტყეში (კალიფორნია) მდებარე ხის იმ სახლის ფოტო, რომელიც Airbnb‑ზე 2 კვირის წინ განთავსდა.
— „პოპულარულში“ წარმოდგენილია დიდფანჯრებიანი, ძალიან თანამედროვე სახლი სოფლად ლეიკ‑ჰეისში (ახალი ზელანდია).
— „ადაპტირებულში“ წარმოდგენილია ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ძელური სახლი ულამაზეს ბუნებრივ გარემოში, ბოსტიკში (ჩრდილოეთი კაროლინა). სურათზე ჩანს მუქი ფერის ხისგან დამზადებული დიდი შესასვლელი პანდუსი. 

ანიმაცია გადადის ამ უკანასკნელი კატეგორიის კიდევ ერთ ადაპტირებულ სახლზე. ფოტოზე აღბეჭდილია კოტეჯი ჰექსემში (გაერთიანებული სამეფო).

ბრაიანი
ამას გარდა, ბევრი მასპინძელი ითხოვდა კატეგორიას ცალკე ოთახებისთვის. ეს თხოვნაც გავითვალისწინეთ და დავამატეთ კატეგორია „ცალკე ოთახები“, რომელიც მთელ მსოფლიოში 1,2 მილიონზე მეტ განცხადებას აერთიანებს.

ვიზუალური შენიშვნა
ახალ კატეგორიაში „ცალკე ოთახები“ ერთმანეთს სწრაფად ენაცვლება რამდენიმე ფოტო, რომლებზეც აღბეჭდილია მზიანი ოთახი მუქი ფერის ხის კედლებით, განიერი საწოლითა და ტატამისებური სკამებით ბანგკოკში (ტაილანდი); ნათელი ოთახი თეთრი კედლებით, ავეჯით და მოყვავილე ორქიდეით იმეროვიგლიში (საბერძნეთი); და თანამედროვე ოთახი შუშის კედლითა და ხის იატაკით მეხიკოში.

ბრაიანი
ეს არის 10 სიახლე თქვენთვის, ჩვენი მასპინძლებისთვის, 2022 წლის ზამთრის განახლების ფარგლებში. ძალიან ვაფასებთ თქვენს გამოხმაურებას. გაუმჯობესებაში გვეხმარებით.

ვიზუალური შენიშვნა
თეთრ ფონზე მოცემულია 10‑ვე განახლების სია. ამის შემდეგ, ვიდეოს დასასრულს, კადრი გადადის ბრაიანზე, რომელიც მეგობრული გამომეტყველებით იღიმის.

ბრაიანი
მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას მომავალ წელს.

ვიზუალური შენიშვნა
თეთრი ფონის შუაში მოცემულია Airbnb‑ს წითელი ლოგო. მუსიკა მთავრდება.